შარდის საერთო ანალიზი

შარდის საერთო ანალიზი

ფასი: 20 ₾

კვლევის შესახებ

შარდი ორგანიზმის ბიოლოგიური სითხეა, რომელიც წარმოადგენს ნივთიერებათა ცვლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს და თირკმლის მუშაობის საბოლოო პროდუქტს. გამოიყენება როგორც სკრინინგული, დიაგნოსტიკური, მკურნალობის მონიტორირების (თერაპიის დროს დინამიკაში კვლევის ჩატარება) და დაავადების გამოსავლის შეფასების მიზნით.


ამ კვლევით ფასდება თირკმლისა და ღვიძლის ფუნქცია, ანთების, ინფექციის, სისტემური დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის და სხვა პათოლოგიების არსებობა. ეს კომბინირებული რუტინული ტესტი გამოიყენება მდგომარეობის სწრაფი შეფასებისთვის და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი, უფრო სპეციფიკური გამოკვლევების მიმართულების მისაცემად.


შარდის საერთო ანალიზით ხორციელდება დაავადებების ფართო სპექტრის დიაგნოსტიკა და მონიტორინგი. რეკომენდირებულია ამ კვლევის ჩატარება პრევენციის მიზნით 6 თვეში ერთხელ.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

პროფილაქტიკურად შარდის საერთო ანალიზის ჩატარება რეკომენდირებულია წელიწადში ორჯერ. ასევე გამოიყენება შარდ-სასქესო სისტემის დაავადებების, პრე და პოსტოპერაციული მდგომარეობების, შაქრიანი დიაბეტის, ავადობისა და მკურნალობის პერიოდის მონიტორინგის მიზნით.


შარდის საერთო ანალიზი რეკომენდებულია, როდესაც სახეზეა:


  • შარდვის გაიშვიათება ან გახშირება;
  • წვა ან ტკივილი შარდვის დროს;
  • შარდის ფერის, სუნის ან რაოდენობის ცვლილება;
  • ტკივილი წელის არეში;
  • ტკივილი მუცლის არეში;
  • შეშუპება;
  • ჰიპერტენზია;
  • ორსულობის სამივე ტრიმესტრი;
  • ნეფროტოქსიური პრეპარატების მიღება.

ინტერპრეტაცია

შარდის საერთო ანალიზის დროს ფასდება: შარდის ფერი, გამჭვირვალობა, ხვედრითი წონა, მჟავიანობის ინდექსი (pH), ასევე ცილის, გლუკოზის, კეტონური სხეულების, ნაღვლის პიგმენტებისა და ჰემოგლობინის არსებობა.


შარდის ნალექის მიკროსკოპია მოიცავს არაორგანული ნივთიერებების (მარილების), სისხლის კომპონენტების (ერითროციტებისა და ლეიკოციტების), საშარდე გზების ამომფენი ეპითელიუმის უჯრედების (ლორწოს) და სხვა ნაერთების (სპერმატოზოიდებისა და სოკოების) ხარისხობრივ და რაოდენობრივ განსაზღვრას.


ნორმის მაჩვენებლებიდან თითოეული კომპონენტის გადახრა შესაძლოა სხვადასხვა პათოლოგიის მაჩვენებელი იყოს, მაგალითად:


  • pH, ლეიკოციტები, ერითროციტები, ნიტრიტები, ბაქტერიები, ლორწო, ცილინდრები — მიუთითებს ანთებით პროცესზე ან ინფექციაზე საშარდე გზებში;
  • ერითროციტები - მიუთითებს შარდ-კენჭოვან დაავადებაზე ან ტრავმაზე;
  • ცილა შარდში - ხშირად თირკმლის დაზიანების ნიშანია (შაქრიანი დიაბეტი, პრეეკლამფსია, კარდიოვასკულარული დაავადებები, მძიმე ვარჯიში);
  • გლუკოზა და კეტონები - შეიძლება ასოცირდებოდეს შაქრიან დიაბეტთან ან მეტაბოლურ დარღვევებთან;
  • ბილირუბინი, ურობილინოგენი - მიუთითებს ღვიძლის დაავადებასა და ჰემოლიზურ ანემიაზე.

ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან, რადიოლოგიური და სხვა გამოკვლევასთან ერთად.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

  • მასალის აღება უნდა განხორციელდეს დილით ჰიგიენური პროცედურების სწორად დაცვის (საპნის გარეშე) შემდეგ. საანალიზედ რეკომენდირებულია აღებულ იქნეს შარდის შუა ულუფა ერთჯერად კონტეინერში;
  • სასურველია შარდის საერთო ანალიზის გაკეთებამდე თავი იქნეს შეკავეული სქესობრივი კავშირისგან, ასევე ალკოჰოლის ან ცხარე საკვების მიღებისგან. ქალებში მასალის აღება არ უნდა მოხდეს მენზესის დროს (რეკომენდირებულია დამთავრებიდან 48 სთ-ში).

ტესტის მეთოდოლოგია

"iRICELL ( iChem Velocity & IRIS iQ*200 S PRINT, Beckman Coulter, USA) - Combines dry-pad urine chemistry Digital Flow Morphology technology using Auto-Particle Recognition (APR) Software - შარდის ავტომატური ანალიზატორი. Atellica 1500 (Siemens Healthiness, Germany) - Combines dry-pad urine chemistry and powerful digital microscopy - შარდის ავტომატური ანალიზატორი."

მასალის ტიპი

შარდი

კვლევის შესრულების დრო

4 საათი

ქვეყანა

საქართველი

ავტორი და წყარო

კვლევის კატეგორია

კლინიკური გამოკვლევები
Phone